ნესტან გუგუშვილი: “ხალხს პრობლემების გადაჭრის კონკრეტული პროექტები აქვს”

plakati1

საქართველოში წინასაარჩევნო კამპანიის დასასრულამდე ორი კვირა რჩება. ცესკოში საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიებისთვის, როგორც პროპორციული, ასევე მაჟორიტარული სიების წარდგენის დრო 8 სექტემბერს ამოიწურა.

პოლიტიკური ძალების და მაჟორიტარული კანდიდატების უმეტესობა წინასაარჩევნო კამპანიაში მასმედიის საშუალებით აგიტაციას ანიჭებს უპირატესობას. პოლიტ-ტექნოლოგების აზრით, ასევე აქტუალურად რჩება საპარლამენტო კანდიდატების მიერ ინდივიდუალური შეხვედრები ამომრჩეველთან. სწორედ ამ ფორმით მართავს წინა-საარჩევნო შეხვედრებს რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის ოლქში “პროგრესულ-დემოკრატიული მოძრაობის” მიერ წარდგენილი დეპუტატობის მაჟორიტარული კანდიდატი ნესტან გუგუშვილი. იგი ცდილობს ყოველ სოფელში პირადად ესტუმროს ყველა მცხოვრებს და ადგილზე ეცნობა მათ პრობლემებს.

ხალხს პრობლემების გადაჭრის კონკრეტული გეგმები აქვს. “ბავშვობა რაჭაში მაქვს გატარებული. შესაბამისად კარგად ვიცი აქ არსებული ვითარება. რაჭა მაღალმთიანი რეგიონია, აქ ისეთი პრობლემებია, რომლებიც რადიკალურად განსხვავდება სხვა რეგიონებში არსებული ვითარებისგან. რაჭა-ლეჩხუმში და სვანეთში ზამთარი ოქტომბერში იწყება. მოსახლეობა ჯერ კიდევ აგვისტოში იწყებს  მზადებას და უამრავი პრობლემის წინაშე დგება. საინტერესოა ის, რომ მათ ამ საკითხების გადაჭრის საკუთარი კონკრეტული ხედვა აქვთ. მე ვიყავი არაერთ სოფელში და პირადად ვინახულე იქ მაცხოვრებლები. მათგან ბევრი ინიციატივა მოდის. ხალხი არ ელოდება დაპირებებს. მათ თვითონ აქვთ საკუთარი განვითარების გეგმები, მეტიც – პროექტებიც. რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენი პოლიტიკური თვითშეგნება უკვე სხვა ეტაპზე გადავიდა”, – აღნიშნავს ნესტან გუგუშვილი.

ადგილობრივი ტურიზმი და კოლეჯი რაიონულ ცენტრში. “ყველაზე მეტად მათ სურთ ადგილობრივი ტურიზმის განვითარება. მაგალითად, უწერაში და შოვში გარდა დიდი ინვესტიციების ჩადებისა, ითხოვენ მთავრობამ და ბიზნესმა მხარი დაუჭიროს ოჯახებს, რომლებიც მზად არიან განავითარონ ეს სფერო. ისინი თვლიან, რომ ასე შეძლებენ საკუთარი მეურნეობის გაზრდას და ამავდროულად ინდივიდუალურად მიეცემა ოჯახებს განვითარების საშუალება”, – ამბობს ნესტან გუგუშვილი. ასევე თავისი ხედვა აქვს მოსახლეობას მიგრაციის პრობლემის გადაჭრასთან დაკავშირებით. “არის სოფლები, სადაც სკოლებში კლასში 1 ბავშვი ზის და 16 მასწავლებელია. რაიონში აუცილებელია გაიხსნას კოლეჯი. ასეთ შემთხვევაში ახალგაზრდები ადგილზე დარჩებიან. ოჯახებისთვის ფინანსურად ძნელია დედაქალაქში ბავშვის სასწავლებლად გაგზავნა, ან საცხოვრებლად გადასვლა. მათ სურთ, რომ ონის რაიონში გაიხსნას კოლეჯის ტიპის სასწავლებელი”.

პროგრესის იმედით აღსავსე 92 წლის ბებია. “რაიონული ცენტრიდან 5 კილომეტრში არის სოფლები, სადაც 10 ან 5 ადამიანი ცხოვრობს. ეს ხუთი მოსახლე ერთმანეთისაგან მოშორებით, სხვადასხვა უბანშია. მიუხედავად ხანგრძლივი ზამთრისა და უამრავი სხვა პრობლემისა, მათ მომავლის საოცარი იმედი აქვთ. არასოდეს დამავიწყდება 92 წლის ჟენია ბებოს ემოციები. ამ ასაკის მარტოხელა ადამიანი, რომელიც საოცარი ინტერესის გრძნობით და სიხარულით დამხვდა. მისთვის სტუმარი – დღესასწაულია. გამომკითხა ყველაფერი – პარტიის ნომერი, გეგმები, ფოტოს გადაღებაზეც სიამოვნებით დამთანხმდა და მითხრა: აუცილებლად იბრძოლე! ძლიერი მუხტი გადმომცა და გამომიშვა. რთულია ასეთ ადამიანებს რამე ასწავლო, აუხსნა, ან დაპირდე. მათ საკუთარი თავის გადარჩენის უნარი და ძალა აქვთ და ძალიან კარგად მესმის თითოეული მათგანის. “პროგრესულ-დემოკრატიული მოძრაობა” ორი თვეა რაც დაფუძნდა. მთავარია მოსახლეობა კარგად ხვდება სიახლეს. ჩვენს პარტიაში ძირითადად იურისტები და ჟურნალისტები არიან გაერთიანებული, რაც იმედს აძლევს ხალხს. უამრავ ადამიანს, რომლებსაც დღეს წინასაარჩევნო პერიოდში ვხდები, ბავშვობის დროიდან ვიცნობ. ამიტომ ჩემს მოვალეობად მივიჩნიე ამ პროცესებში ჩართვა. შევხვდე, მოუსმინო და საქართველოს პარლამენტში ვიყო მათი ხმა. თუ რა თქმა უნდა ნდობას გამომიცხადებენ”, – ამბობს ნესტან გუგუშვილი.

ucera

ucera1

dimdim3dim114238101_983292191796165_3909324057781118393_n

Both comments and pings are currently closed.

Comments are closed.