აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ქვეყანაში რეფორმების გატარებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა კიევში, უკრაინის პრეზიდენტთან გამართული ერთობლივი პრესკონფერენციისას განაცხადა.
“ვიდრე პრეზიდენტი ხართ და თქვენს კოლეგებს სჯერათ თქვენი ვალდებულებების, არ იქნებით მარტო. ამერიკის შეერთებული შტატები თქვენს გვერდით იდგება. იქნება თქვენი პარტნიორი და მეგობარი”, – განაცხადა ბაიდენმა. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა უკრაინის პრეზიდენტს ასევე მოუწოდა, რაც შეიძლება მალე მოხდეს ახალი მთავრობის ფორმირება და ძლიერი, დემოკრატიული ინსტიტუტების შექმნა.
“გარწმუნებთ, რომ თუ უკრაინა გააგრძელებს აღებული კურსით სვლას, საერთაშორისო პარტნიორები, დაწყებული აშშ-დან, მას დახმარებას გავუწევთ. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საერთაშორისო ინსტიტუტებთან, რათა უზრუნველვყოთ, რომ უკრაინას ჰქონდეს საჭირო ფინანსური რესურსები და აუცილებელი მხარდაჭერა”, – განაცხადა ჯოზეფ ბაიდენმა.
თეთრი სახლის ინფორმაციით, კიევში ვიზიტისას ჯოზეფ ბაიდენმა ასევე განაცხადა, რომ აშშ-ი უკრაინას დახმარების სახით 23 მილიონ დოლარს გამოუყოფს, საიდანაც 20 მილიონი დოლარი სამართალდამცავი და სასამართლო სფეროების რეფორმებას მოხმარდება.
უკრაინიდან აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი თურქეთში გაემგზავრა, სადაც თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ ტაიპ ერდოღანს შეხვდება.