
ქართულ ფესვებზე, აფხაზეთის შესახებ მოგონებებზე, უკრაინაში საზოგადოებრივი არხის შექმნასა და განვითარებაზე – ექსკლუზიურად UAGE-NEWS ინტერვიუში.
ბიოგრაფიული მონაცემები: ზურაბ ალასანია – უკრაინის დამსახურებული ჟურნალისტი, სააგენტო “მედიაპორტის” და ყოველკვირეული გამოცემა “მედიაპოსტის” დამფუძნებელი. 2005 წლის 5 ივლისს დაინიშნა ხარკოვის სახელმწიფო ტელე-რადიო კომპანიის გენერალურ დირექტორად, სადაც მუშაობდა 2010 წლის 4 ივნისამდე. 2014 წლის 25 მარტს დანიშნულ იქნა უკრაინის ეროვნული ტელეკომპანიის გენერალურ დირექტორად. ზურაბ ალასანია 1965 წლის 3 იანვარს ქ. სოხუმში დაიბადა. № 4 სკოლის დამთავრების შემდეგ ხარკოვის საინჟინრო- სამშენებლო ინსტიტუტის სტუდენტი გახდა. რის შემდეგაც ზურაბ ალასანიას ცხოვრება სამუდამოდ დაუკავშირდა უკრაინას.
მისი ფესვები აფხაზეთშია
– თქვენი ბავშვობის წლებმა სოხუმში გაიარა. ომის შემდეგ ყოფილხართ ბავშვობის ქალაქში?
– უკვე 30 წელზე მეტია სოხუმში არ ვყოფილვარ. მე ვნახე სოხუმის ფოტოები. ის უკვე აღარაფრით მაგონებს ჩემი ბავშვობის ქალაქს. სამწუხაროდ, აფხაზეთი უკუსვლის გზაზეა, საშინელი ნგრევის პროცესშია.
– მთელი თქვენი ოჯახი წამოვიდა აფხაზეთიდან?
– მამა წამოვიდა ბოლო. მას არ უნდოდა მშობლიური სახლის დატოვება და აფხაზეთიდან წამოსვლა, რადგან იქ დაიბადა, მთელი ცხოვრება იქ გაატარა, სოხუმი მისი მშობლიური ქალაქი იყო. მამა უკრაინაში მაშინ ჩამოვიდა, როცა ვუთხარით, რომ მე ვქორწინდებოდი. ეს უკვე ის პერიოდი იყო, როცა აფხაზეთში ამბობდნენ: “შენ ქართველი ხარ და აქ რა გინდაო”. მამაჩემი ხარკოვში ჩამოვიდა. ჩვენ ოთხივე ძმა შევიკრიბეთ და ვარწმუნებდით დარჩენილიყო უკრაინაში. მანამდე ერთად ვუყიდეთ ბინა. მამამ 6 წელი იცხოვრა უკრაინაში. ერთხელ მისმა მოწაფემ უსაფრთხოება უზრუნველყო და საშუალება მისცა მამას აფხაზეთში გამგზავრებულიყო. გზაში, როცა უკრაინაში ბრუნდებოდა, მატარებელში გარდაიცვალა. თითქოს მამამ სიკვდილის წინ გააკეთა ის, რისი განხორციელებაც სიცოცხლის ბოლოს უნდოდა – მოინახულა სოხუმი.
– თქვენი მშობლიური სახლი არის კიდევ სოხუმში?
– იქ რაღაც დროის განმავლობაში ჩვენი აფხაზი მეგობრები ცხოვრობდნენ. ტრადიციების თანახმად სახლი ოჯახში უმცროს ვაჟს რჩება. ჩემი ძმა გარკვეული დროის მანძილზე ქონების საკითხს თვალყურს ადევნებდა. დღემდე ყველა ვოცნებობთ, რომ ოდესღაც აუცილებლად დავბრუნდებით აფხაზეთში.
“2014 წლის განმავლობაში უკრაინა ძირფესვიანად შეიცვალა”
– თქვენ უკვე რამდენიმე ათეული წელია უკრაინაში ცხოვრობთ. როგორია თქვენს მიერ დანახული დამოუკიდებელი უკრაინის მიერ განვლილი გზა?
– მე ვერ ვიქნები ობიექტური, რადგან ამ პროცესებს ქვეყნის შიგნიდან ვაკვირდები. უკრაინა ძალიან მეგობრული ქვეყანაა. მახსოვს 2004-2005 წლები. უკრაინელებმა ყველას აჩვენეს, თუ რისი გაკეთება შეუძლიათ. ეს არის თავისუფალი ხალხი, რომელსაც შეუძლია მოთმენა, მაგრამ არა უსასრულოდ. 2014 წლის განმავლობაში უკრაინა ძირფესვიანად შეიცვალა. მთელი ეს წლები ვხედავდი საბჭოურ ხალხს, არა რუსული, არამედ საბჭოური შეხედულებების, მაგრამ ეხლა ერი ერთიანდება. რამდენიმე წლის წინ ვუყურებდი ამერიკულ ფილმებს და ვხედავდი, რომ ყოველ ფილმში შეგიძლია ნახო სახლებზე აფრიალებული ამერიკის დროშები. მაშინ ვფიქრობდი – რა უნდა მომხდარიყო უკრაინაში ისეთი, რომ ჩვენც ესე აგვეფრიალებინა დროშები. და აი მოხდა, ახლა პატრიოტიზმი უმაღლეს საფეხურზეა.
“პუტინმა მოკლა ჩემში რუსული ენა”
– სოხუმი იყო ქალაქი, სადაც ბევრი სხვადასხვა ეროვნების ადამიანები იყვნენ, რადგან იმ დროს ეს იყო საბჭოთა კავშირის ნაწილი, საერთო ენა რუსული იყო. შესაბამისად მე რუსულ ენაზე გავიზარდე. ამიტომ დღევანდელი მოვლენები ჩემთვის ძალიან მძიმეა. პუტინმა – ადამიანმა, რომელიც თითქოს რუსული ენის დასაცავად მოვიდა უკრაინაში, მოკლა ეს ენა ჩემში. მე ამ ენაზე და კულტურაზე ვარ გაზრდილი. არ მინდა მისი დაკარგვა, მაგრამ არ მაქვს არჩევანი. წიგნების გარეშე უბრალოდ არ შემიძლია ცხოვრება, მაგრამ ბოლო დროს რუსული გვარის ავტორების წიგნების კითხვაც არ მინდა. და ვხვდები, რომ ეს ყველაფერი უკვე ლიტერატურამდეც მივიდა.
- გააქვთ საქართველოში წასვლის სურვილი?
– მთელი ეს წლები მეშინოდა წასვლის, რადგან იმის დაჯერებაც კი რთული იყო, რომ საქართველოში ოცნება ხდება, იგი წარმატებულ ქვეყანად გარაიქმნებოდა. მე ვიცი საქართველო და მეშინოდა რომ წამოვიდოდი, ყველაფერს ჩემი თვალით ვნახავდი და ყველაფერი სხვანაირად აღმოჩნდებოდა. მეშინოდა გაწბილების.
“პირველი არხი” – დიდი ცვლილებების წამზომი უკვე ჩართულია
– ხუთი წელი ვმუშაობდი ხარკოვის სახელმწიფო ტელე-რადიო კომპანიაში. ძალიან კარგად ვიცი ამ სისტემის პრობლემები. შესაბამისად ლოგიკური იქნებოდა არ მოვსულიყავი სამუშაოდ პირველ ეროვნულ არხზე, მაგრამ უკვე მეცხრე თვეა , რაც აქ ვმუშაობ და საქმე წინ მიდის, სიტუაცია უკეთესობისკენ იცვლება.
საზოგადოებრივი მაუწყებლობის ეფექტურობა – ეს ჩვენი არჩევანია
– საზოგადოებრივი არხი – ეს არჩევანია. რამდენი ხანი დასჭირდება მის ჩამოყალიბებას? მთელი ცხოვრება და ისიც არ იქნება საკმარისი. საზოგადოებრივი მაუწყებლობა, არხი, რადიო – ეს არის აზროვნების სტილი, როგორ ვფიქრობთ, როგორი დამოკიდებულება გვაქვს პოლიტიკის, ერთმანეთის მიმართ, ვეძებთ კონსტრუქტივს თუ ყველაფრის დანგრევა გვსურს. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ უკრაინაში საზოგადოებრივი მაუწყებლობა დაიწყება და იმუშავებს. პირველ ეროვნულ არხზე ჩვენი შრომა უკვე ჩანს. შემდგომში ეს გამოცდილება რეგიონალურ არხებსაც გადაეცემათ. უკრაინის არც ერთ არხს არ აქვს ამდენი რეგიონალური წარმომადგენლობა. რამდენიმე წელში ყველა ნახავს რა მედია-მონსტრი გაჩნდება უკრაინის მედია სივრცეში. ჩვენ ყველას ვაჩვენებთ, რომ შევძლებთ დამოუკიდებლები ვიყოთ, როგორც სახელმწიფო დაფინანსებისგან, ისე ოლიგარქებისგან. ეს უკრაინისთვის ახალი სისტემაა.
“ჩვენ არ დავდევთ რეიტინგებს, ჩვენ ნდობისთვის ვიბრძვით”
– ჩვენი მთავარი მიზანი არ არის რეიტინგები. ჩვენ ხალხის ნდობის მოსაპოვებლად ვიბრძვით. ჩვენ მივაწვდით მართალ ინფორმაციას, ვაჩვენებთ იმას, რაც არის. და როცა უკრაინაში მნიშვნელოვანი საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოვლენები მოხდება, მაყურებელი ჩვენ აგვირჩევს.
– როდის დაიწყება უკრაინაში საზოგადოებრივი მაუწყებლობა?
– თუკი კანონპროექტი მეორედ მოსმენას გაივლის, იმ დროიდან საზოგადოებრივის შექმნას 7 თვე დასჭირდება. ასეთია იურიდიული პროცედურები და ბიუროკრატია. ჩვენ ახლა ხელები გვაქვს შეკრული, რადგან ეს სახელმწიფო დაწესებულებაა, მაგრამ პირველი ეროვნული არხი იცვლება. ჩვენ საზოგადოებრივი მაუწყებლობის დაწყება მარტის თვისთვის დავგეგმეთ. მაყურებელი ახალ პროგრამებს, ახალ საიტს, ანუ ვიზუალურ ცვლილებებს იხილავს, ამ ყველაფერზე უკვე თვეებია ვმუშაობთ.
საზოგადოებრივი მაუწყებლობის ფორმა და შინაარსი
– ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა ფორმას. ჩემთვის შინაარსია ყველაზე მთავარი, მაგრამ მაყურებელს სურს ახალი ფორმის ნახვა. ამიტომ შევქმნით ფორმას, შინაარსზე ეხლაც ვმუშაობთ. იმისთვის, რომ შექმნა “ბი-ბი-სი”-ს ანალოგი უნდა იყო დიდ ბრიტანეთში. ჩვენი კოლეგები გვეუბნებიან: გაძლევთ ნიმუშებს, თქვენ გააკეთეთ ისე, როგორც გამოგივათ. ყველა ჩვენი ევროპელი კონსულტანტი ამბობს, რომ უკრაინაში უნიკალური საზოგადოებრივი მაუწყებლობა იქნება, რადგან ქვეყანაა უნიკალური.
“უკრაინა ჩემთვის არის…”
– უკრაინა გახდა თქვენთვის მშობლიური ქვეყანა?
– უდავოდ. უკრაინა ჩემთვის არა ეთნოსის, არამედ სულის და გულის საკითხია. ის უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ერი და ეთნოსი. იგი თავისუფლების სულია. იშვიათად მინახავს სხვა ქვეყანა, რომ ესე ისწრაფვოდეს თავისუფლებისკენ. მე ამ კუთხით აბსოლიტური უკრაინელი ვარ. გიორგი ღონღაძით დაწყებული უკრაინა ჩვენთვის ქართველებისთვის გაცილებით მეტია, ვიდრე ჩვენ ვათვითცნობიერებთ, ბევრი ჩვენგანისთვის ეს ქვეყანა მშობლიურ სახლად იქცა. ვერ ვიტყვი, რომ ეს მხოლოდ იმით არის განპირობებული, რომ საქართველოდან წამოვედით. აქ რაღაც ძალიან მშობლიურია. ვფიქრობ საქართველო და უკრაინა ძალიან ახლოს არიან ერთმანეთთან სულით. მიუხედავად განსხვავებული ტემპერამენტისა ჩვენ თავისუფლებისადმი სწრაფვა გვაერთიანებს. ქართველებს და უკრაინელებს არ შეუძლიათ ამის გარეშე ცხოვრება. ამიტომ მჯერა, რომ გადავლახავთ დაბრკოლებებს. საქართველო და უკრაინა განვითარების გზაზე ივლიან წინ.
თამთა გუგუშვილი, უკრაინა