
მოხალისეთა ბატალიონი “ოუნი” უკრაინის ქალაქებში მართავს შეხვედრებს. პირველი შეხვედრა ტერნოპოლში შედგა, რომლის ფარგლებშიც “ოუნის” მეთაურის მოადგილის, მწერლის და მეომრის ბორის ჰუმენიუკის წიგნის “ლექსები ომიდან” პრეზენტაცია გაიმართა.
ბატალიონი “ოუნი” ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში იბრძვის, უკრაინის შეიარაღებული ძალების რეგულარულ ქვედანაყოფებთან ერთად დონეცკის აეროპორტთან ახლოს, სოფელ პისკში იკავებს პოზიციებს.
3 მარტს ტერნოპოლის მაცხოვრებლებთან შესახვედრად ჩამოვიდნენ ბატალიონის მეთაურის მოადგილეები, ერთერთი მებრძოლის მეუღლე და ფრონტის პოეტი ბორის ჰუმენიუკი. როტაციის პერიოდში “ოუნის” მებრძოლები თავისი ბატალიონის შესახებ უყვებიან მოსახლეობას, რათა ანტიტერორისტული ოპერაციის მსვლელობის შესახებ ხალხმა ამომწურავი ინფორმაცია იცოდეს და ადამიანებმა, რომლებიც უკრაინის დასაცავად ატოს ზონაში წასვლას აპირებენ, შეძლონ გათვითცნობიერებული არჩევანის გაკეთება – თუ რომელი ბატალიონის მეომრები შეუძლიათ გახდნენ.
საინფორმაციო სივრცეში “ოუნის” სიახლეების გავრცელებაში დიდი წვლილი მიუძღვის მწერალ ბორის ჰუმენიუკს, რომელიც იბრძვის ამ ბატალიონში და მისი ერთ-ერთი დამაარსებელია. იგი ფრონტის წინა ხაზიდან სოციალური ქსელის მეშვეობით გამუდმებით იუწყება ატოს ზონაში არსებული ვითარების შესახებ.
დღეს ბორის ჰუმენიუკი და მისი წიგნი “ლექსები ომიდან” ბატალიონ “ოუნის” სავიზიტო ბარათია. მებრძოლები იმედოვნებენ, რომ ბორის ჰუმენიუკი ტარას შევჩენკოს სახელობის პრემიის ლაურეატი გახდება.
“როცა ვეუბნებით ამის შესახებ ბორისი გვპასუხობს, რომ თუკი ასე მოხდება, პრემიის ფულადი ჯილდოთი ბატალიონისთვის ტანკს იყიდის”, – ამბობს ბატალიონ “ოუნის” მეთაურის მოადგილე ვასილ კინდრაცკი.
3 მარტს “ოუნის” მოხალისედ წავიდა 23 წლის გოგო ტერნოპოლიდან ქრისტინა (გვარს არ ვწერთ რესპოდენტის თხოვნით). მან უკვე გაიარა რამდენიმე საბრძოლო და სამედიცინო წვრთნა. როგორც ბორის ჰუმენიუკი აღნიშნავს, ქრისტინა სამედიცინო დახმარებას გაუწევს მებრძოლებს.
თამთა გუგუშვილი, უკრაინა