საქართველოში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მისია მუშაობს

IOM

სხვადასხვა ქვეყნებში არსებული ქართული დიასპორის წარმომადგენლების 60-მდე დროებითი მივლინება მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მისიის მუშაობის შედეგად განხორციელდა. ამის შესახებ ორგანიზაციის საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა ილიანა დერილოვამ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე თეიმურაზ ჭკუასელთან შეხვედრისას განაცხადა.

მიგრაციის საერთაშორისო მისია ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ორგანიზაციად ითვლება საქართველოში. იგი მიმართულია დიასპორების რესურსების განვითარებისა და მათი ქვეყნის სასიკეთოდ გამოყენებისკენ. დროებითი მივლინების პროგრამების ფარგლებში დიასპორის წარმომადგენლებს საშუალება ეძლევათ  ჩამოვიდნენ საქართველოში და შესაბამის სტრუქტურებს თავიანთი გამოცდილება გაუზიარონ.

– ამის გარდა დიასპორასთან უფრო აქტიური დიალოგის დამყარებისათვის სამინისტროსთან ერთად შევქმენით დიასპორული ვებპორტალი, რომელიც სოციალური, ეკონომიკური,  კულტურული მიმართულებით თანამშრომლობის განვითარების ადგილია, – განაცხადა ილიანა დერილოვამ.

„ამ ორგანიზაციის ძირითადი მიზანია საქართველოში დააბრუნოს ჩვენი თანამემამულეები. მისიის დახმარებით საბერძნეთიდან წელს 500 ადამიანი დაბრუნდა. რაც შეეხება მუშაობის მთელ პერიოდს, ეს ციფრი 2000 აჭარბებს“, – აღნიშნა თეიმურაზ ჭკუასელმა.

ლამარა გიორგაშვილი 

Both comments and pings are currently closed.

Comments are closed.