ქართველმა ჟურნალისტმა თამთა გუგუშვილმა დაწერა ნოველა რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ

tamta3

ანოტაცია: ეს არის ამბავი ახალგაზრდა უკრაინელ ქალზე, რომელიც სამხედრო წვრთნებს გაივლის და  სამშობლოს დასაცავად ომში მოხალისედ მიდის. ერთი წლის შემდეგ, საბრძოლო მოქმედებების ზონიდან გამოსვლისას, მას სნაიპერის ტყვია მოხვდება. სიკვდილს ბრონის ჟილეტი გადაარჩენს.

ბრონის ჟილეტი

ჩემი გული ჯერ კიდევ ფეთქავს. ესეიგი ცოცხალი ვარ. ირგვლივ რა ხდება არ ვიცი. ვეღარაფერს ვხედავ და აღარაფერი მესმის. ეს ალბათ დროებითი შოკის ბრალია, რომელიც ძლიერმა აფეთქებამ გამოიწვია. როგორც მახსოვს, ჯერ სნაიპერის რამდენიმე გასროლა გაისმა. პირველი ტყვია ამცდა, პირდაპირ ყურთან ელვის სისწრაფით ჩამიწუილა. ცივმა ოფლმა დამასხა. თავბრუდამხვევია ნახევარ წამში სიკვდილის და სიცოცხლის თითქმის ერთდროულად შეგრძნება. მეორე ტყვია გულის არეში მომხვდა, ბრონის ჟილეტმა შეაჩერა, თორემ განწირული ვიყავი. ისე დილით არ ვაპირებდი მის ჩაცმას. არ მეგონა საბრძოლო მოქმედებების ზონიდან გამოსვლამდე რამდენიმე წუთით ადრე სიკვდილი თუ დამეწეოდა, ბოლო წუთებში მტრის ტყვია თუ მომაწევდა და ომზე ზურგშექცეულს ისევ მისკენ სახით შემომაბრუნებდა. ტყვიებს აფეთქება მოჰყვა და დადგა მტვრის ბუღი, რომელმაც ირგვლივ თითქოს ყველაფერი წალეკა, დღის შუაგულში, ღია ცის ქვეშ, მზის სინათლეში უზარმაზარი წყვდიადი წარმოშვა და დაგვატყვევა.

ზუსტად ერთი წელი ვმსახურობდი საომარი მოქმედებების ზონაში. მანამდე ორთვიანი მომზადება გავიარე. მახსოვს, პირველად რომ დამინახეს ბიჭებმა, სკეპტიკურად მიმიღეს. გამხდარი 28 წლის გოგო მოხალისეთა ბატალიონის სამხედრო-საწვრთნელ პოლიგონზე… იფიქრეს, სროლას მოსინჯავს და სახლში გაბრუნდებაო. სტუმარივით მიმიღეს. მე ჯერ კიდევ მაშინ ვიცოდი, რომ დიდი ხნით ვაპირებდი დარჩენას. რადგან ჩემი იარაღი არ მქონდა, მკითხეს, თუ მქონდა სურვილი სროლა მეცადა. ისე ეჭვი ეპარებოდათ, რომ გავუმკლავდებოდი ასეთ სიმძიმეს. ამიტომ დახმარება შემომთავაზეს. ავტომატს მხარზე ჩვენ დაგიჭერთ, ტყვიის უკანა ტალღამ რომ არ წაგაქციოსო. მაშინ იარაღი პირველად ავიღე ხელში. ტაქტიკური წვრთნების დროს მხოლოდ ხისგან დამზადებული მაკეტით გვასწავლიდნენ ავტომატის სწორად დაჭერას. პოლიგონზე კი დადგა ნამდვილი ტყვიების გასროლის დრო. სხვათა შორის საკმაოდ კარგად გამომივიდა. ამას მოჰყვა ერთჯერადი ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნი, ეგრეთ წოდებული მუხა. შემდეგ ხელში ტყვიამფრქვევი ავიღე, მასწავლეს მისი გამოყენების წესი. მერე სტანდარტული ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი რპგ-7. სწორედ მაშინ ვიგრძენი, რომ ჩემს მიმართ მეომრების სკეპტიკური დამოკიდებულება ინტერესით აღსავსე მზერამ წარმატებით ჩაანაცვლა. ამის შემდეგ ბიჭებმა დაიწყეს ჩემი  სერიოზულად აღქმა. მაჩვენეს, ვის რა იარაღი და საბრძოლო მასალა ჰქონდა. მიხსნიდნენ მათი გამოყენების სპეციფიკას. მასწავლეს ყუმბარის ტყორცნა. ნელ-ნელა ოჯახის სრულუფლებიან წევრად მიმიღეს. პოლიგონზე ორი თვე გავდიოდი მომზადებას. შეიძლება ითქვას, ბრძოლის ველზე მეტ-ნაკლებად მომზადებული წავედი.

ჩემი ქმარი ჯარისკაცია. ჩემს აქ ჩამოსვლამდე 7 თვით ადრე წავიდა ომში მოხალისედ. როგორც კი მაიდანი დასრულდა, ნათელი გახდა, რომ რუსეთი შეიარაღებულ იერიშზე გადმოვიდოდა. “მწვანე კაცუნები” ჯერ ყირიმში გამოჩნდნენ, მოგვიანებით კი უკრაინის აღმოსავლეთ ოლქებში. ხოლო, როცა 2014 წლის 1 მარტს რუსეთის დუმამ უკრაინის ტერიტორიაზე შეიარაღებული ძალების გამოყენების დადგენილება მიიღო, გასაგები გახდა, რომ უკვე ღია სამხედრო თავდასხმასთან გვქონდა საქმე. რეალობა იყო შემდეგი – რუსეთმა ჩვენ ომი გამოგვიცხადა. ასე დაიწყო ღირსების რევოლუციის შემდეგ უკრაინის ერთერთი ურთულესი და უმძიმესი ბრძოლა დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებისთვის.

მე ვგრძნობდი და ვხედავდი, რომ იგი ამ ომში თავისი ქვეყნის დასაცავად ემზადებოდა. ინტერნეტში ეძებდა ინფორმაციას ბრონის ჟილეტის, რკინის ჩაფხუტის, ამუნიციის სწორად შერჩევის შესახებ. ჩვენს შორის ამ თემაზე საუბარი  მისი სახლიდან წასვლამდე ერთი დღით ადრე შედგა. მითხრა, რომ სამხედრო კომისარიატში თავისი ნებით გამოცხადდა და საბუთები შეიტანა. მე გაგებით მოვეკიდე ამ გადაწყვეტილებას. რაღაც მომენტში სიამაყის გრძნობა დამეუფლა, სულ მალე კი გაუსაძლისმა სევდამ და მოლოდინმა დაისადგურა. სალაპარაკო არაფერი იყო, მის ადგილას მეც ასე მოვიქცეოდი.

რთულია, როცა აცნობიერებ, რომ შენთვის ძვირფასი ადამიანი ნებისმიერ წამს შეიძლება სიკვდილის პირისპირ აღმოჩნდეს, შენ კი ვერაფრით დაეხმარები. გავიდა შვიდი თვე სატელეფონო ზარის, ახალი ამბის, კარზე კაკუნის მოლოდინში… ეს იყო შიშნარევი და გაურკვევლობით აღსავსე მოლოდინი… ამ შიშის დასაძლევად გადაწყვიტე მე თვითონ ჩამეხედა ომისთვის თვალებში. ჩემი ქმარი სხვა ბატალიონში მსახურობს. მის სამხედრო ქვედანაყოფში მოხვედრის ალბათობა თავიდანვე მცირე იყო. მთავარია, ჩვენს შორის მანძილი უკვე საგრძნობლად შემცირდა. ეხლა გაცილებით მშვიდად ვარ. რადგან მგონია, საჭიროების შემთხვევაში მასთან ყოფნას შევძლებ.

პირველივე დღეს გასაგები გახდა, რით განსხვავდება ფრონტის წინა ხაზი საწვრთნელი პოლიგონისგან. ღამე ყუმბარმტყორცნები დაგვიშინეს. ეს დანადგარიდან ნასროლი ხელის ყუმბარები იყო. როცა აფეთქების ხმა გაისმა, ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს ადრენალინი ყურებიდან გადმოდიოდა. იმ წამსვე შევამოწმე: ავტომატი ადგილზეა, ტყვიები ადგილზეა, საბრძოლო ჟილეტი ადგილზეა. ბიჭებს გაეცინათ, დაწექი დაიძინე, აფეთქებები აქედან შორს არის, ჯერ ჩვენამდე არ მოაღწევსო. ცოტა ხანში მომდევნო აფეთქების ხმა გაისმა. მე ისევ წამოვხტი, შევამოწმე – ავტომატი, ტყვიები, ჟილეტი… ყველაფერი ადგილზეა. თუ საბრძოლო განგაში იქნევა, მე მზად ვარ. მთელი ის ღამე მუდმივი საბრძოლო მზადყოფნის მდგომარეობაში გავატარე. მერე ნელ-ნელა ვისწავლე გარჩევა, რომელი მხრიდან მოდის აფეთქების ხმა, ჩემთან რამდენად ახლოსაა, მალე სხვადასხვა იარაღის გასროლის ხმით იდენტიფიცირებაც შემეძლო, და სროლის მიმართულების დადგენა.

იმ დღეს რადიოს ვუსმენდით, ეგრეთ წოდებული “მინსკის შეთანხმებების” შესრულების შესახებ გადაცემა გადიოდა. მაღალჩინოსნები ამბობდნენ, ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში სროლების ინტენსიურობა საგრძნობლად შემცირდაო. გაოცებულებმა ერთმანეთს გადავხედეთ, თითქოს ისინი ჩვენს რეალობაზე არ ლაპარაკობდნენ. ეს შეგრძნება კიდევ უფრო გამძაფრდა, როცა ინფორმაციის მოსმენიდან რამდენიმე საათში მტრის პოზიციებიდან “გრადებით” შემოგვიტიეს. ინტენსიურ სროლებს ჩვენი მიმართულებით ყოველდღე ახორციელებენ.  ნაღმტყორცნებსა და “გრადებს” გიშენენ, შენგან კი “მშვიდობიანი შეთანხმების” პირობების შესრულებას მოითხოვენ. ეს იმას ნიშნავს, რომ არ შეგიძლია საპასუხო ცეცხლის გახსნა.

ანტიტერორისტული ოპერაცია, ანტიტერორისტული ოპერაცია… დამღალა ამ სიტყვებმა. ეს ომის რაღაც ახალი სახელწოდებაა. ოღონდ ამ სიტყვის ავტორი ჯერჯერობით სახეს არ გვაჩვენებს. იმალება, თუ თავის თავს ემალება. რაღაცის ეშინია, თუ სრცხვენია. ნუთუ ეს ომი ანტიტერორისტული ოპერაციის სახელით შევა ისტორიაში. ნეტა, თუ ერქმეოდა ამ ომს ანტიტერორისტული ოპერაცია რუსეთში, ამერიკაში, საფრანგეთში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, ჰოლანდიაში ან ნებისმიერ სხვა ქვეყანაში რომ გაჩაღებულიყო.

დღეს ეგრეთ წოდებული “ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში” ჩემი სამხედრო მსახურობის ბოლო დღე უნდა ყოფილიყო. ერთი წლის წინ გამოვიხურე კარი და წამოვედი სახლიდან. დავტოვე დედა, ბებია, ნათესავები… აქ რომ ვარ მხოლოდ ქმარმა და დედამ იციან. დანარჩენებს სტაჟირებაზე ვგონივარ. ისე ძალიან გამიგრძელდა ეს “სტაჟირება”, ამას უკვე ყველა მიხვდა. ბებო არაფერს მეუბნება. დედას რომ ველაპარაკები, ჩვენს საუბარს სულგანაბული უგდებს ხოლმე ყურს. მის უსაზღვრო შიშს აქ ვგრძნობ, ასობით კილომეტრში. ყველაზე მეტად ორ კითხვაზე პასუხი აშინებს: სად ვარ და ცოცხალი ვარ, თუ არა. ყოველი საუბრის მერე ისადგურებს სევდა და გაურკვეველი მოლოდინი შემდეგ სატელეფონო ზარამდე.

ჩემი “სტაჟირება” აგერ უკვე ერთი წელია ლუგანსკის ოლქის ქალაქ Щастя-ში გრძელდება. ამ დასახლებული პუნქტის სახელი ბედნიერებას ნიშნავს. გამოდის, რომ ომი ბედნიერების ეპიცენტრშია გაჩაღებულია. ესეთია ჩვენი ცხოვრების რეალიები. არ ვიცი, ვინ დაარქვა ამ ქალაქს ეს სახელი. პირადად მე მთელი ამ დროის მანძილზე იშვიათად შემინიშნავს ვინმეს ბედნიერი სახე. აქ საომარი მოქმედებების გამო ქალაქი თითქმის დაცარიელდა. სახლები მიწასთან არის გასწორებული. ამ ნანგრევებში ყოველი ჩვენგანი ცდილობს თავისი ბედნიერება იპოვოს… ეძებს იმედს, მეგობრობას, თანადგომას, საბოლოო გამარჯვების რწმენას… არ მეგონა სიკვდილი ბედნიერების ძიებაში თუ ამედევნებოდა ფეხდაფეხ და ბოლოს მაინც დამეწეოდა. თუმცა წინასწარ რატომ ვლაპარაკობ?! ჯერ ხომ ცოცხალი ვარ.

ჩემი ბრონის ჟილეტი, რომელმაც გადამარჩინა, ვოლონტერების შტაბში მომცეს. აფეთქების შედეგად ვერაფერს ვხედავ, მაგრამ ვგრძნობ, რომ ის ჯერ კიდევ მიცავს. ძალიან მძიმეა, ძნელია ვერ იგრძნო. ალბათ ჩემი მიწაც ზუსტად ასე მგრძნობს მე. ჩემი მშობლიური მიწა… გრძნობს, რომ ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ და საკუთარი სხეულით ვიცავ. სანამ მე აქ ვწევარ, ტყვია ვერ შეეხება მას. და რამხელაა ნეტა ჩემი წილი მიწა?! ძალიან დიდი. იმაზე გაცილებით დიდი, ვიდრე მტერს წარმოუდგენია.

სტანდარტული ბრონის ჟილეტის წონა ათი კილოგრამია. სამედიცინო თვალსაზრისით, გოგოს ჯანმრთელობისთვის  ასეთი სიმძიმის მუდმივად ტარება სახიფათოა. ზუსტად თვენახევარი ვოლონტერები უშედეგოდ ეძებდნენ შედარებით მსუბუქ და ამავდროულად საიმედო ჟილეტს. ბოლოს გადაწყვიტეს ცალკე დაემზადებინათ. შეიძინეს ფირფიტები ყველა საჭირო მასალითურთ და სპეციალურად ჩემთვის ექვს კილოგრამიანი ბრონის ჟილეტი შეკერეს. მითხრეს, არ შეიძლება ათ კილოგრამიანი ამუნიცია გოგომ ატაროსო. ძნელი სათქმელი და წარმოსადგენია, რა შეიძლება და არა ომის დროს. ყველაფერი ხდება და ამ ყველაფრიდან წესით თითქმის არაფერი შეიძლება.

თავიდან საომარი მოქმედებების ზონაში მეთაურმა გადაწყვიტა ჩემთვის შედარებით მსუბუქი საქმე გამოენახა. ესეთი ბევრია. მაგალითად, წამლების დახარისხება, დალაგება და მეომრებისთვის დროულად მიცემა. შემოდგომაზე, სანამ ორგანიზმი სიცივეს შეეჩვევა, აქ მასიურად ცივდება ყველა. ბლინდაჟში, რომელიც სწორად არ არის აგებული, საშინელი სინესტე ჩნდება. იმ ჯარისკაცებს კი, ვინც ბლოკპოსტებზე დგას,  ვერაფერი იცავს წვიმისგან, ქარისგან, თოვლჭყაპისგან… მაგრამ ასეთ დროს ეს არ არის მთავარი. ყველაზე მთავარია, მტრის ტყვიისგან შევძლოთ საკუთარი თავის და ერთმანეთის დაცვა. მორიალებულ, უზარმაზარ სივრცეში დგახარ ბლოკპოსტთან ავტომატით ხელში და წარმოდგენა არ გაქვს როდის გაისვრის მტრის სნაიპერი, ან რომელი მხრიდან  ატყდება ნაღმტყორცნების სროლა. აქ მთავარი სიცოცხლის შენარჩუნებაა. ამიტომ, როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, ნებისმიერ სირთულეს საბოლოოდ მხოლოდ ორნაირი დასასრული შეიძლება ჰქონდეს – სიცოცხლე ან სიკვდილი.

სამხედრო და ფიზიკური მომზადების გარდა, ტაქტიკურ მედიცინაშიც მქონდა გავლილი წვრთნები. ამიტომ მალე ომის წინა ხაზზე დაშავებული მეომრებისთვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევა დამავალეს. საბრძოლო ველზე მეომრის სიცოცხლის შესანარჩუნებლად დაჭრიდან პირველი წუთები გადამწყვეტია. უკიდურესად საპასუხისმგებლო საქმეა. ტყვიების ზუზუნის ქვეშ კი გაცილებით რთულია, ვიდრე ჩვეულებრივ პირობებში. დაჭრილებს უმეტეს შემთხვევაში ძლიერი სისხლდენის შეჩერება ესაჭიროებათ. კრიტიკული სისხლდენის დროს ადამიანი შეიძლება ორ წუთში დაიცალოს სისხლისგან. ასეთ შემთხევაში მხოლოდ ჟგუტით შეგიძლია დაჭრილი სიკვდილს გადაარჩინო. როცა ჟგუტის გამოყენების დრო დადგა, თავდაპირველად შოკი დამეუფლა, რამდენიმე წამში ძალა მოვიკრიბე და ღრმად ჩავისუნთქე. ყველა იმ რჩევამ გამიელვა თავში, რაც კი მანამდე მომისმენია. მივყევი შინაგან ხმას, რომელიც მკარნახობდა მოქმედების ინსტრუქციას. ძალიან მეშინოდა ჩემი ოდნავი არასწორი მოქმედების გამო მომავალში ფეხი არ დაეკარგა ადამიანს. მთელი ღამე არ მეძინა იმაზე ფიქრით, თუ როგორი იყო მისი შემდგომი მდგომარეობა. დილას დამირეკეს საავადმყოფოდან, ფეხი გადაურჩა, არ მოკვეთენო. შვებით ამოვისუნთქე.   ნებისმიერი სამედიცინო საშუალება იარაღს გავს. თუ გამოყენება არ იცი, შეიძლება ყველაფერი ფატალურად დამთავრდეს.

ხშირად ვხედავ სიზმრებს. მესიზმრებიან ბრძოლის ველზე დაღუპული ჩემი თანამებრძოლები. მახსენდება, სანგრებში მთელი ერთი კვირა ჩექმების გახდის საშუალება რომ არ გვქონდა. ღამეები არ გვეძინა. მუდმივი სროლები, მუდმივი შემოტევები, მუდმივი მორიგეობა ჩვენი პოზიციების შესანარჩუნებლად… მაშინ ბევრი ჩვენიანი დაიხოცა.

ის ჩვენში ყველაზე ახალგაზრდა იყო, 19 წლის გახლდათ. საშინელი შეგრძნებაა, მომაკვდავი მეგობარი დახმარებას გთხოვს, შენ კი უძლური ხარ. იმ წუთებში, როცა ის სულს ღაფავდა, მის ქურთუკში ტელეფონის ზარის ხმა გაისმა. ეკრანს დავხედე… დედა ურეკავდა… დავიბენი… არ ვიცოდი რა მექნა, ამეღო ყურმილი, თუ გამეთიშა… ძნელია, როცა არჩევანის წინაშე დგახარ, არჩევანი კი რეალურად არ გაქვს. მისი სიკვდილის შემდეგ 5 თვე გავიდა, პირველად კი ზუსტად ერთი კვირის წინ დამესიზმრა. თითქოს რუქაზე რაღაცას მაჩვენებდა და ჩემთვის გაუგებარ ენაზე რაღაცას აჩქარებული ტონით მიხსნიდა. ნერვიულობდა, რომ მე მისი არ მესმოდა. მე კი ვცდილობდი დამემშვიდებინა, ვარწმუნებდი, რომ  ყველაფერი კარგად იქნებოდა…

სახლიდან წამოსვლის წინ, პირველად დამეუფლა შეგრძნება, რომ ყველა ჩემი საყვარელი ნივთი უნდა შემეგროვებინა და წამომეღო. მალევე მივხდი, რომ ეს შეუძლებელი იყო. საყვარელი წიგნები, სამახსოვრო საჩუქრები, ჩემი დღიური, ხატები… ამ ყველაფერიდან იძულებული ვიყავი ორი-სამი ნივთი ამერჩია. ჩემთვის ყველაზე ძვირფასი აღმოჩნდა ლოცვების წიგნი, ჩემი ქვეყნის სახელმწიფო დროშა და ჩემი  ოჯახის მხოლოდ ერთი ფოტო, რომელზეც ყველანი ერთად ვართ. მოგვიანებით ამ ფოტოს წამოღება გადავიფიქრე. ვიფიქრე, მტრებმა ტყვედ რომ ამიყვანონ, დასაშანტაჟებელად გამოიყენებენთქო. მადლობა ღმერთს, ტყვეობაში არ მოვხვდი. ის ფოტო რომ არ წამოვიღე კი ბევრჯერ ვინანე.

ჩემი ლოცვის წიგნი ბლინდაჟში დაიწვა. როცა ხანძარი გაჩნდა, ვერ მოვასწარი გამოტანა. მას მერე სულ უფრო ხშირად დავიწყე ლოცვა. ძლიერი აღმოჩნდა ლოცვის სიტყვების დავიწყების  შიში. სანამ წიგნი ჩემთან იყო, თავს დაცულად ვგრძნობდი. ხანძრის შემდეგ კი დამეუფლა შეგრძნება, რომ მხოლოდ მე ვიყავი საკუთარ თავზე პასუხისმგებელი. დავიწყე ლოცვა, ჩუმად, ჩემთვის, როგორც კი შესაძლებლობა მქონდა თვალებს ვხუჭავდი და ფსალმუნების ყველა იმ ნაწყვეტს ვიმეორებდი, რაც კი მახსოვდა. შემდეგ კი ჩემი სიტყვებით შევთხოვდი ღმერთს მფარველობას. როცა ადამიანი გრძნობს, რომ უფალი მას უსმენს, სიტყვებიც თავისთავად ლაგდება. ალბათ ბედნიერებაა იმის შეგრძნება, რომ ერთხელ მაინც შეძელი იმდენად გულწრფელი ყოფილიყავი ღმერთთან, რომ შენი, როგორც ადამიანის,  სათქმელი ჯერ ვედრებად, შემდეგ კი ლოცვად იქცა. ეს წუთი ალბათ აღარასდროს განმეორდება.

ჩემი გული ჯერ კიდევ ფეთქავს. ხელებში კი მგრძნობელობა ნელ-ნელა მიბრუნდება. თითებით ვეხები მიწას. ვცდილობ შევიგრძნო მისი სითბო, სურნელი, ტკივილი, მინდა ჩავწვდე ყველა მის ზედაპირულ და სიღრმისეულ ფიქრს და შეგრძნებას, ყველაზე მცირედ და უმნიშვნელოსაც კი. მინდა ჩემი მშობლიური მიწის ძალა ვიგრძნო. მგონია ეს ძალა მე – ნაომარს, დაღლილს, ბრძოლის ველზე გათოშილს შემიფარებს, ჩამიხუტებს, მიმიბარებს, გამათბობს, ჭრილობებს მომიშუშებს, გადამარჩენს და ახალ სიცოცხლეს მომანიჭებს…

თამთა გუგუშვილი

Both comments and pings are currently closed.

Comments are closed.