«UAGE-NEWS» და «იავნანა» საზღვარგარეთ მცხოვრები ბავშვებისთვის ქართული ენის შემსწავლელ პროექტს იწყებენ

ai ia250

ქართულ-უკრაინული საიტი «UAGE-NEWS» და ქართული საბავშვო გაზეთი «იავნანა» ერთობლივი პროექტის განხორციელებას იწყებენ, რომელიც საზღვარგარეთ მცხოვრებ პატარა თანამემამულეებს ქართული ენის ცოდნის გაუმჯობესების საშუალებას მისცემს.

– პროექტის მიზანია ქართული ენის სწავლის პროცესში ჩართოს ყველა ის ქართველი ბავშვი, რომელიც დღეს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში იმყოფება და სურვილი აქვს მშობლიური ენა და ლიტერატურა სრულყოფილად იცოდეს. ვიმედოვნებთ, „ქართული წყარო“, სწორედ ასე ჰქვია ამ პროექტს, გახდება უნიკალური რესურსი ბავშვებისთვის ინფორმაციის მისაღებად ქართული ენის, გამოჩენილი მწერლების, საზოგადო მოღვაწეების შესახებ, – ამბობს პროექტის ავტორი ნესტან გუგუშვილი.

პროექტის ფარგლებში მომზადდა გაკვეთილები, ყოველ მათგანში მოცემულია ამონარიდი გამოჩენილი საბავშვო ავტორების პროზაული ნაწარმოებებიდან, ლექსები და საინტერესო გამონათქვამები. გაკვეთილები საიტ «UAGE-NEWS»-ზე განთავსდება.

– ანუ ეს პროგრამა ითვალისწინებს არა მხოლოდ ქართული ენის ცოდნის გაუმჯობესებას, არამედ მშობლიური ქვეყნის ისტორიის შესწავლას, სულიერი და ეროვნული ფასეულობების განმტკიცებას მოსწავლე-ახალგაზრდებს  შორის. ვეპატიჟებით ბავშვებს ზღაპრულ სამყაროში, სადაც მათ ელის საოცარი მოგზაურობა იაკობ გოგებაშვილის, ვაჟა-ფშაველას, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის და სხვა უამრავი გამოჩენილი ქართველი ავტორის შემოქმედებაში, – აღნიშნავს ნესტან გუგუშვილი.

Both comments and pings are currently closed.

Comments are closed.