გაკვეთილი № 1

cxvari 3

გაზაფხული

გაზაფხულზე რომ გათბება მიწა,

რომ ამოვა ენძელა და ია,

საქართველოვ, შენს ყველაფერს ვფიცავ,

ლექსს დაგიწერ ცისფერ პეპლებიანს.

 

ანანურთან არაგვის წყალს დავლევ,

გამარჯვებას ვეტყვი ცისფერ კალმახს,

ციხისძირთან შემეყრება გველი,

ის მაჩუქებს უკვდავების ალმასს.

 

მერე წავალ, ბილიკებზე ვივლი,

მსურს ვეფერო დეკასა და ღვიას,

ნელა-ნელა მყინვარწვერზეც ავალ,

რომ იქიდან გადმოგხედო მთლიანს.

გოდერძი ჩოხელი

ფრინველების წამოსვლა ჩვენს ქვეყანაში

წამოსვლისთვისც სწორედ ისე ემზადებიან ფრინველები, როგორც წასვლისთვის მოემზადნენ, რომელნიც დაფანტულნი იყვნენ. წამოსვლის წინ ერთად მოგროვებას იწყებენ და როცა გუნდი შესდგება, აფრინდებიან ჩვენსკენ გამოსწევენ. რა რიგითა და წესითაც აქედან წავიდნენ, სწორედ იქიდანაც იმავე რიგითა და წესით მოდიან. მაგრამ ერთი დიდი განსხვავებაც არის: როცა აქედან თბილს ქვეყნებში მიდიან, ნაღვლიანად არიან, ეტყობათ,რომ სამშობლოს თავის დანებება ეზარებათ, უსიამოვნოდ მიფრინავენ, როცა კი სამხრეთ ქვეყნებიდან მოდიან, დიდი სიხარული აქვთ, წამდაუწუმ გალობენ, მთელს არემარეს ჟივილ-ხივილით ავსებენ.

მაგრამ ვიცით კი ნამდვილად, რომ ის ფრინველები, რომლებიც გაზაფხულზე ჩვენს ქვეყანაში მოდიან, სწორედ ისინი არიან, შემოდგომაზე რომ აქედან წავიდნენ? ახლად მოსული ფრინველები ჩვენს ქვეყანას ალერსიანად შეჰხარიან და ცხადად ეტყობათ, რომ მისი ნახვა ესიამოვნებათ. ყველა ფრინველი გულადად და გაბედვით დაეძებს თავის ძველს ბუდესა. ყოველ მოქმედებაში: ფრინვაში, საჭმლის  შოვნაში, ადამიანთან განწყობილებაში ფრინველებს ეტყობათ, რომ უცხონი  არ არიან და ჩვენს ქვეყანას დიდი ხანია იცნობენ. მერცხლები მოსვლის უმალვე თავიანთს ბუდეს იპოვიან ხოლმე და იჩემებენ, როგორც ნამდვილი პატრონები. აგრეთვე იქცევიან ყველა სხვა ფრინველებიც. – საკვირველია, იმ სიშორიდან ფრინველებს რატომ გზა არ ეკარგებათ და როგორ პოულობენ თავიანთ სამშობლო ქვეყანასა .

იაკობ გოგებაშვილი

 

Both comments and pings are currently closed.

Comments are closed.