ლვოვში, საერთაშორისო ფესტივალზე “Book Forum” ქართველი მწერლის გაგა ნახუცრიშვილის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. «ზამთრის ზღვა» წელს ითარგმნა უკრაინულად და გამომცემლობა «DZHEZVA»-ში დაიბეჭდა. რომანი ქართულიდან უკრაინულად მაია თარგამაძემ თარგმნა, ილუსტრაციები აჰლაია ნოჰინამ შეასრულ
წელს “Book Forum” 60 ათასზე მეტ ლიტერატურის მოყვარულს მასპინძლობს, მოწვეულია 1000 მეტი გამომცემლობა და ავტორი.
– ამ წიგნმა მე გამაკვირვა იმით, რომ მასში გაერთიანებულია ინტელექტუალობა და უდიდესი გულწრფელობა და გახსნილობა. როგორც წესი, ინტელექტუალური პროზა ჰერმეტულია, მკითხველი ყველაფრის ჩაწვდომას ხშირად ვერ ახერხებს. ასეთი პროზა ცოტა განკერძოებული და ცივია. გაგას პროზა ძალიან თბილია, გაჟღენთილია იუმორით. ეს წარმოუდგენელია, – აღნიშნა პრეზენტაციის დროს პროექტის ავტორმა ნატალია ტროხიმმა.
გაგა ნახუცრიშვილის შემოქმედება პირველად არ ითარგმნა უკრაინულად. 2011 წელს გამომცემლობა «Крок»-მა გამოსცა თანამედროვე ქართული პოეზიის მცირე ანთოლოგია «Хмари над храмами», რომელშიც შევიდა გაგა ნახუცრიშვილის, ამირან სვიმონიშვილის და დათო რობაქიძის ლექსები.
საქართველოსა და უკრაინის ლიტარატურის სფეროში თანამშრომლობაზე და მომავალ გეგმებზე ვესაუბრეთ გაგა ნახუცრიშვილს.
- გაგა როგორ გადაწყდა, რომ სწორედ ეს წიგნი უნდა თარგმნილიყო უკრაინულად?
– ეს ჩემი ბოლო წიგნი იყო მაშინ, როცა გადავწყვიტეთ, რომ უნდა თარგმნილიყო. თან ამ წიგნში ის თემატიკაა, რაც უკრაინაშიც და არა მარტო უკრაინაში აქტუალურია. სამწუხაროდ, ომი და ადამიანი – ეს თემა დღესაც მსოფლიოში ისევ აქტუალურია და ეს ნამდვილად არ არის კარგი. წიგნი არის იმაზე, თუ როგორია ადამიანი და ადამიანებს შორის ურთიერთობა კატაკლიზმების დროს. ეს თემა ძალიან მაწუხებს, რადგან ეს ყველაფერი გამოვიარეთ და ამ მცირე რომანშიც ალბათ ეს არის მთავარი.
- ანუ ომი დღეს არის ერთ-ერთი ის თემა, რომელიც საქართველოს და უკრაინას აერთიანებს?
– ბევრი რამ აერთიანებს, არა მხოლოდ ომი. ორივე პოსტსაბჭოთა ქვეყანა ვართ და მსგავსი ბედის მქონე. ამიტომაც გვაქვს სულიერი სიახლოვე. მე მაგალითად ლვოვში ისე ვგრძნობ თავს, როგოც საკუთარ სახლში, ამას ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვამბობ. აქ პირველად 2010 წელს ვიყავი. სწორედ ამ ფორუმზე ვიმყოფებოდით მე, დათო რობაქიძე და პაკო სვიმონიშვილი. პაკომ დაგვტოვა უკვე, ხუთი წელია აღარ არის ჩვენთან და ეს ქალაქი ყველაფერთან ერთად მასაც მაგონებს – ჩემს ბავშვობის მეგობარს.
- «ზამთრის ზღვის» პრეზენტაციაზე თქვენ ახსენეთ, რომ იქნება ტრილოგია. რა ეტაპზეა მეორე წიგნი?
– ჯერ მაქვს ამბები და ეს ამბები მერე თვითონ დალაგდება წერისას. ერთს გეტყვით, რომ ეს პირდაპირი გაგრძელება არ იქნება. პატარ-პატარა ამბები იქნება შეკრული. მხოლოდ დრამატურგიულად გავს ერთმანეთს, მაგრამ ეს დრამატურგიაც იცვლება. საერთო არის ის, რომ პატარა ამბების მოზაიკაა, რომელიც შემდგომში იქცევა მთლიან სურათად. მეორე წიგნი ჩანაწერებს შეგროვების ეტაპზეა. დასაწყისი ვიცი. გაგრძელებაც ჩანს, ფინალის რამდენიმე ვარიანტი მაქვს. ბოლოსკენ, რომ მივალ, ალბათ თვითონ დამიძახებს ეს ფინალი, მე ვარო.
– წარმატებებს გისურვებთ!
– დიდი მადლობა!
თამთა გუგუშვილი, ლვოვი; ოპერატორი და ფოტოგრაფი – იგორ ბენცალი