„სანტამ ბავშვობის ოცნება ამიხდინა, მისი მარჯვენა ხელი გავხდი“ – 13 წლის ელფი

81546792_2551764591615576_3517884270498545664_n

მშვიდობის კეთილი ნების ელჩი ლაპლანდიელი სანტა-კლაუსი საქართველოს ესტუმრა. მისი პირველი შეხვედრა ქართველ ბავშვებთან ახალი წლის ღამეს – 31 დეკემბერს ზუგდიდში შედგა. სწორედ აქედან დაიწყო სანტას ზღაპრული მოგზაურობა საქართველოს რეგიონებში, რომელიც 9 იანვრამდე გაგრძელდა. მთელი ამ დროის განმავლობაში სანტა კლაუსს თან ახლდნენ ბავშვთა და მოზარდთა თეატრალური სტუდია “მაჩაბელა”-ს პატარა მსახიობები, ისინი ახალ წელს  სანტას ელფების სტატუსით შეხვდნენ.

ჩვენ დავუკავშირდით სანტას ქართველ ელფებს. უჩვეულო და ზღაპრული არდადეგების შესახებ 13 წლის ნატალი მაჭარაშვილმა მოგვიყვა.

- ნატალი, როგორ გახდი სანტა კლაუსის ელფი?

– დავდივარ ბავშვთა და მოზარდთა თეატრალური სტუდია „მაჩაბელაში“, ჩვენი ხელმძღვანელი მამუკა ლომაშვილია. სწორედ მან მოგვცა ამ პროექტში ჩართვის შესაძლებლობა. ზღაპრული მოგზაურობა სანტასთან ერთად 31 დეკემბერს დაიწყო. პირველი კონცერტი ზუგდიდში გავმართეთ. დადიანების სასახლის ეზოში იყო მოწყობილი სცენა. ახალ წელსაც ამ ქალაქში შევხვდით.

-  პირველად სანტა რომ ნახე, რითი დაგამახსოვრდა?

– ნამდვილი სანტა აქამდე ნანახი არ მყავდა. არასოდეს დამავიწყდება მისი პირველი გამოჩენა, მარხილით მოვიდა ჩვენთან. აღფრთოვანებული დავრჩი. ზუსტად ისეთი იყო, როგორიც წარმომედგინა. ჰქონდა ნამდვილი წვერი, თბები… ისეთი მსუქანია, როგორიც უნდა იყოს. როცა სანტას ქუდს შევხედე, გავიფიქრე, რომ ეს ის ქუდია, რომელიც ოდითგანვე იყო და იყო. შესახედაობითაც ისეთია, როგორც წიგნებშია აღწერილი.

- როგორ გხვდებოდნენ რეგიონებში? ვიცი, რომ საოკუპაციო ხაზთან მშვიდობიანი აქციები გაიმართა.

– ენგურის ხიდზე გავშალეთ დროშები. ძალიან ციოდა. შევამჩნიე ქალი, რომელიც სევდიანი თვალებით  მოდიოდა გზაზე. მან დაინახა, როგორ ვკანკალებდით სიცივისგან , მაგრამ მაინც გვეჭირა საქართველოს დროშა, ჩაბღაუჭებულები ვიყავით. ჩვენს გვერდით კი სანტა იდგა, რომელმაც თქვა, რომ მომავალ წელს კვლავ აპირებს ჩამოსვლას და სურს, საქართველო გამთლიანებული და გაერთიანებული ნახოს. როდესაც ეს სიტყვები მოისმინა, ცრემლიანი თვალებით გადმოგვხედა და თავჩაღუნულმა განაგრძო გზა. ეს ქალი ენგურის ხიდით აფხაზეთში გადადიოდა.

ხალხი ემოციურად შეგხვდა. ვიყავით დევნილების სახლებში. სანტას სტუმრობა ძალიან გაუხარდათ. საოცრად თბილად დაგხვდნენ სვანეთში. ყველა რეგიონში ძალიან ბევრი ბავშვი მოდიოდა სანტას სანახავად.

- რა შედის ელფის მოვალეობაში?

– ვეხმარებით სანტას გადაადგილებაში. ჩვენ დამხმარე ელფები ვართ. ბავშვებისთვის მხიარულება მოგვაქვს, როცა გვხედავენ ძალიან უხარიათ. დიდი ქუდებით და ელფის სამოსში გამოწყობილებს რომ გვხედავდნენ ძალიან უხაროდათ. ვცეკვავთ, ვმღერით, ბავშვებისთვის და უფროსებისთვის.

- როგორია სანტა?

– სანტა არის მშვიდობის და კეთილი ნების ელჩი. სანტა როგორიც არის სცენაზე, ზუსტად ისეთია მეგობრულ გარემოში. ძალიან გულჩვილია. მე  მადლობა გადავუხადე სანტას იმისთვის, რომ ბავშვობის ოცნება ამიხდინა და მისი მარჯვენა ხელი, ელფი გავხდი. ცრემლები მოადგა. ის ძალიან კარგი ადამიანია, ჩამოვიდა ფინეთიდან, გვასწავლა ახალი წლის ფინურად მილოცვა. ვკითხეთ ჰყავს თუ არა მისის კლაუსი. მან გვიპასუხა, რომ სანტას არ ყავს მისის კლაუსი, მაგრამ ტიმოს, როგორც ადამიანს, ყავს მეუღლე. მე მოვუყევი, რომ, როცა ბავშვობაში ჩემს სახლში იპარებოდა მარხილით სანტა და ნაძვის ხის ქვეშ მიტოვებდა საჩუქრებს, მეგონა, ირმები დაფრინავდნენ. როდესაც ეს ვუთხარი ატირდა და ჩვენც ავტირდით.

- რა ენაზე ესაუბრებოდი სანტას?

– ინგლისურად ლაპარაკობს სანტა. მე ხშირად ვესაუბრებოდი. ჯერ გავეცანი, მერე ვკითხე, მოსწონს თუ არა საქართველო. მან მიპასუხა, რომ მას კი არ მოსწონს, მას უყვარს საქართველო. გზაში შეგვეკითხა ჩვენი ჰობის შესახებ. მე ვუთხარი, რომ კლასიკური მუსიკა მაინტერესებს, ამ ჟანრით ვარ გატაცებული. ძალიან ბევრი შეკითხვა დამისვა.

- თუ გაანდე მას შენი საახალწლო სურვილები?

– რასაკვირველია! ჩვენ დავწერეთ სურვილები, ჩავდეთ კონვერტში და გავუგზავნეთ. იმედი მაქვს, ჩემი სურვილი ასრულდება. მოუთმენლად ველოდები და მჯერა, რომ სურვილი ამიხდება, რადგან შემპირდა, რომ მომავალ წელს გამოგიგზავნიო.

- ძნელია სანტას ელფობა?

– არანაირად არ არის ძნელი ელფობა. არ დაიღლები არასდროს, იმიტომ რომ ძალიან სასიამოვნოა. როცა ბავშვებს უხარიათ შენი დანახვა, ეს ბედნიერების მომტანია. არც ერთ წუთი არ ყოფილა ისეთი, რომ დავღლილიყავი.

- როგორ ფიქრობ, სანტა კლაუსი არსებობს?

– არსებობს?! ხილულად თუ არ არსებობს, ყოველთვის იარსებებს იქ, სადაც გვჯერა, რომ არსებობს სანტა.

- რა არის მთავარი ემოცია, რომელიც ამ მოგზაურობის შედეგად დარჩა?

– მთავარი შეგრძნება სითბოა, რაც სანტამ დაგვიტოვა. მინდა მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ ოცნება ამისრულა, მასთან გატარებული ეს ულამაზესი დღეები არასოდეს დამავიწყდება. ბედნიერებას მგვრის ის, რომ სანტა ჩვენი მეგობარია.

 

სანტას მოგზაურობა საქართველოში ფინურ-ქართული საერთაშორისო პროექტის, “ფინური სოლიდარობა საქართველოს – ევროპა ჩვენი საერთო სახლია! ერთიანი, ძლიერი საქართველოსთვის-განვითარებული ძლიერი რეგიონები“, ეგიდით განხორციელდა.

ესაუბრა თამთა გუგუშვილი

82192687_532312380703080_7358158780623749120_n

 

82028767_1360650207446263_8605084509316055040_o

80883315_1360651050779512_6542878128467869696_o

81614573_1360650237446260_5687394250254188544_o

80888508_1360650647446219_6867159656943321088_o

 

82282300_617506389016549_8045515214847737856_n

82479945_2619498031603006_906999949344899072_n

83007227_1421607561346232_727925771884036096_n

82831633_2597815173836836_5755055030436626432_n

82578596_1183606915363431_1192797866473553920_n

82396912_3977951632222302_367792699689926656_n82422381_595471457697072_5330924875357880320_n

 

 

 

 

Both comments and pings are currently closed.

Comments are closed.