საქართველოსა და უკრაინას საერთო გამოწვევები აკავშირებთ. ეს ეხება როგორც საგარეო პრიორიტეტებს, ასევე ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებს. ამის შესახებ აღნიშნეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის და საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფი უკრაინის უმაღლესი რადას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრების შეხვედრის დროს.
საქართველოსა და უკრაინის მთავრობის წარმომადგენლებმა განიხილეს ევროპული პოლიტიკის, უსაფრთხოების, თანამშრომლობის და სხვა საკითხები. მხარეებმა ხაზი გაუსვეს, რომ როგორც საქართველოს, ისე უკრაინის ტერიტორიების ნაწილი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული.
– მთავარი საკითხი იყო, როგორ გავხადოთ სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობა უფრო ეფექტური. ჩვენ ერთი და იგივე გამოწვევის წინაშე ვდგავართ და გვაქვს საერთო მიზნები. რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციის თემას, ორივე ქვეყანა იმსახურებს უვიზო რეჟიმს, იმიტომ რომ ორივე ქვეყანამ შეასრულა მოცემული პირობები, – განაცხადა ივანა კლამპუშ-ცინცაძემ.
აღვნიშნავთ, რომ უკრაინის უმაღლესი რადას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები ორი დღით იმყოფებოდნენ საქართველოში.
ლამარა გიორგაშვილი, ფოტო espreso.tv