
ვიქტორ იუშჩენკოს მშობლიურმა უნივერსიტეტმა 50-წლისთავი აღნიშნა. საზეიმო ღონისძიებებს ესწრებოდნენ ცნობილი საზოგადო მოღვაწეები, რომლებმაც უმაღლესი განათლება ტერნოპილის ეროვნულ ეკონომიკურ უნივერსიტეტში მიიღეს. მათ შორის იყო უკრაინის 2005-2010 წლების პრეზიდენტი. UAGE-NEWS კორესპონდენტებმა ვიქტორ იუშჩენკოსთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერეს.
გზა სტუდენტობიდან პრეზიდენტობამდე
– როგორ გადაწყვიტეთ ამ უნივერსიტეტში გესწავლათ და როგორ აირჩიეთ პროფესია?
– ეს არ იყო ჩემი გადაწყვეტილება. მე ძალიან მიყვარდა ჩემი მშობლები და როცა პროფესიის არჩევის დრო დადგა, ძალიან მინდოდა არქეოლოგი, ისტორიკოსი გავმხდარიყავი. დედამ კი მითხრა: შენ გრძელი გზა, ცხოვრება გაქვს, აირჩიე რაც გინდა, მაგრამ ჯერ ეკონომიკური განათლება მიიღე. რთული საუბრები გვქონდა. და ეს ჩემი კომპრომისი გახდა – როცა დავიწყე ძებნა, სად იყო ეკონომიკური უმაღლესი სასწავლებლები, ყველაზე ახლოს მთებთან, კარპატებთან ტერნოპილი იყო. ასე შევათავსე კარპატების მიმართ სიყვარული და დედის სურვილის ასრულება. სუმის ოლქიდან სამნი ვიყავით სხვადასხვა კურსებზე, სახვადასხვა ფაკულტეტებზე.
– როგორი იყო მაშინ უნივერსიტეტი?
– რა თქმა უნდა ჩვენ პირველივე დღიდან გვიყვარდა ჩვენი ინსტიტუტი, მაგრამ ის ისეთი პატარა ჩანდა… ჩვენ გვქონდა ერთი კორპუსი, რომელიც ადრე საშუალო სკოლა იყო. ამ ადგილზე გადაწყვიტეს გაეკეთებინათ ინსტიტუტი. რა თქმა უნდა, სტუდენტების პირველი ნაკადი, როცა 75 ადამიანი იყო ფილიალზე, თავის თავად მეტყველებს ყველაფერზე. არანაირი ინფრასტრუქტურა არ გვქონდა, არ გვქონდა სპორტული მოედნები, საერთო საცხოვრებელი ერთი პატარა ოთხსართულიანი კორპუსი იყო. ერთი სიტყვით, უფრო ადვილია ჩამოვთვალოთ რა გვქონდა, ვიდრე ის, თუ რა არ გვქონდა. დიდი სიხარული მოჰქონდა ჩვენთვის იმას, რომ ბევრ რამეს საკუთარი ხელებით ვქმნიდით, იგივე სპორტულ მოედნებს, ბიბლიოთეკას, სამეცნიერო-კვლევით ცენტრს. ეს ყველაფერი იქმნებოდა ჩვენს მიერ და ჩვენი თანდასწრებით. გვყავდა დაახლოებით 15 ლექტორი. დღეს კი 800 ლექტორი, 30 ათასი სტუდენტია. არ იქნებოდა ეს დიდი შედეგი, ის პატარა დასაწყისი რომ არ ყოფილიყო. დიდი სიხარულით ივსები, როცა ხვდები, რა მცირე რესურსით დავიწყეთ და რამდენ რამეს მიაღწია უნივერსიტეტმა.
– როცა სტუდენტი იყავით, ფიქრობდით, რომ უკრაინის პრეზიდენტი გახდებოდით?
– არა, უფრო მეტიც არ მინდოდა. ვინმეს რომ ეთქვა მაშინ, ვუპასუხებდი რომ არ მინდა. მე ფასეულობების სხვა სისტემები მქონდა. მინდოდა ის, რასაც ერთი სიტყვით უკრაინული ჰქვია. და სწორედ უკრაინულის გამო ამ ტკივილმა მიმიყვანა პრეზიდენტობამდე. როცა ხედავ, როგორ კვდება შენი ენა, შენი მეხსიერება, შენი ეროვნული კოსტუმი, კვდებიან გმირები – ეს ყველაზე მეტად მაშფოთებდა. მეორეს მხრივ, მე მაქვს ეკონომიკური სპეციალობა და ჩემი სურვილი იყო რაც შეიძლება მეტად მემსახურა უკრაინისთვის. ამიტომ მომიწია შემეთავსებინა ეკონომიკური, ფინანსური სპეციალობა და გავმხდარიყავი ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, შემდეგ პრემიერ-მინისტრი, შემდეგ პრეზიდენტი. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ჩემი ერისთვის მსახურობის სხვადასხვა გვერდები.
– თქვენი, როგორც პრეზიდენტის, რომელ გადაწყვეტილებას მიიჩნევთ ყველაზე მნიშვნელოვნად?
– 2005-2010 წლებს, დღევანდელი პოზიციიდან თუ შევხედავთ, ეს არის ყველაზე წარმატებული წლები უკრაინული ყოფის ბოლო 25 წლის განმავლობაში. ყველაზე წარმატებული ეკონომიკა, სახელმწიფოს ფინანსები, ჩვენ ისინი სამმაგად გავზარდეთ, ქვეყნის ყველაზე წარმატებული რეზერვები, პენსიები, ხელფასები და ასე შემდეგ. ამ 5 წლის განმავლობაში ყველაზე მეტი სამუშაო ადგილი შევქმენით. ვფიქრობ უკრაინისთვის ეს საუკეთესო დრო იყო. თუმცა, მე არ მინდა ამ ყველაფრის ჩემს თავთან დაკავშირება. უბრალოდ კონსტატაციას ვაკეთებ, ღმერთმა ქნას, რომ ეს დრო 10 წლის მერე მაინც დაბრუნდეს. ყველაზე მეტად კი მინდა ვუთხრა ჩემს ერს – თუ ჩვენს მყოფადობას უკრაინულ აღორძინებას დავუდებთ საფუძვლად, ჩვენ გადავჭრით უკრაინის ყველაზე რთულ პოლიტიკურ პრობლემას – ეს არის სუსტი ეროვნული ერთობა, სუსტი შიდა უკრაინული ინტეგრაცია. თუ გვინდა ამ პრობლემის აღმოფხვრა, ჩვენ უნდა გავატაროთ ჩვენი იდენტიფიკაციის პოლიტიკა. მე ვთვლი ეს იყო ნომერ პირველი პარაგრაფი ჩემს პოლიტიკაში.
– 2008 წელს, როცა ჩვენთან, საქართველოში, რუსეთ-საქართველოს ომი იყო, თქვენ ჩამოხვედით და არამარტო პოლიტიკური, არამედ დიდი მორალური მხარდაჭერა გაგვიწიეთ. მინდა მადლობა გადაგიხადოთ ამისთვის. ეს ჩვენთვის დიდი მხარდაჭერა იყო.
– ეს ჩემი მოვალეობა იყო, ასევე ჩემი მეგობრის ლეხ კაჩინსკის, პრეზიდენტ ადამკუსის და სხვა მეგობრების. რადგან ჩვენ გვესმოდა, თუ დავკარგავთ საქართველოს, ჩვენ დავკარგავთ ჩვენი თავის ნაწილს. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, საქართველოს მიჰყვება უკრაინა. ეს თვალნათელი იყო მაშინაც და დღესაც. ამიტომ ის, რომ აღმოსავლეთ ევროპა, მთიანი ყარაბახიდან დაწყებული, სამხრეთ ოსეთი, აფხაზეთი, ყირიმი, დნესტრისპირეთი, დონბასი რუსული აგრესიით არის გახლეჩილი და იქ ბატონობს უბედურება, ეს კიდევ ერთი კონსტატაციაა იმისა, რომ აღმოსავლეთ ევროპა ჩვენი კონტინენტის ყველაზე არასტაბილური ნაწილია. ასევე მეტყველებს იმაზე, რომ ეს არ არის უკრაინის, ან საქართველოს, მოლდოვის ან აზერბაიჯანის პრობლემა, სინამდვილეში ჩვენ გვაქვს ერთი დიდი ხანგრძლივი პრობლემა – ეს არის რუსეთი.
– მინდა ასევე გკითხოთ თქვენი ჰობის შესახებ. თქვენ აგროვებთ ეთნიკურ ნივთებს. როდის გაიხსნება მუზეუმი?
– ვფიქრობ, რომ იანვრის ბოლომდე დავასრულებ მის მშენებლობას. მომავალი წლის შუაში თვეებში კი მისი გახსნა მინდა.
ესაუბრა თამთა გუგუშვილი, ვიდეო, ფოტო – იგორ ბენცალი