4 ნოემბერს ქ. კიევში გაიმართა ქართველი პიანისტის ელისო ვირსალაძის კონცერტი. კონცერტი შედგა უკრაინის ეროვნულ ფილარმონიაში. მასში მონაწილეობდა უკრაინის აკადემიური სიმფონიური ორკესტრი დირიჟორის რომან კოფმანის ხელმძღვანელობით. კონცერტს, რომელმაც მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა დაესწრო საქართველოს ელჩი მიხეილ უკლება.
ელისო ვირსალაძე არის საქართველოს სახალხო არტისტი და მსოფლიო ახალგაზრდობის ვენის მუსიკალური ფესტივალის ლაურეატი.მან 1964 წელს დაამთავრა თბილისის კონსერვატორია. ასპირანტურის კურსი გაიარა მოსკოვის კონსერვატორიაში პროფ. ი. ზაკის ხელმძღვანელობით. ვირსალაძის შესრულება გამოირჩევა მაღალი მუსიკალური კულტურით, ვირტუოზული ტექნიკითა და არტისტიზმით. მისმა ხელოვნებამ ფართო საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. ელისო ვირსალაძე მოსკოვის საკავშირო (1961, III პრემია) და ჩაიკოვსკის სახელობის საერთაშორისო (1962, III პრემია) კონკურსების, აგრეთვე ცვიკაუს (გფრ) შუმანის სახელობის საერთაშორისო კონკურსის (1966, I პრემია) ლაურეატია.