უკვე 20 წელზე მეტია საქართველო დამოუკიდებლობის დღეს ოკუპირებული ტერიტორიებით ხვდება. ბავშვობიდან ერთი ოცნება მრჩება აუხდენელი – აფხაზეთის ნახვა. ამბობენ, რომ სოხუმი ძალიან ლამაზია. აუხსნელი რამეა, როცა გიყვარს ქალაქი, სადაც არასდროს ყოფილხარ. ამ შეგრძნებით ცხოვრობს საქართველოში უამრავი ჩემი თანატოლი. და ეს სიყვარული ალბათ გაცილებით უფრო მძაფრია მათში, ვინც აფხაზეთში ერთხელ მაინც არის ნამყოფი.
საქართველოს დამოუკიდებლობის ხაზი აფხაზეთზე და სამაჩაბლოზე გადის. ამიტომ დღეს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, მინდა მადლობა გადავუხადო აფხაზეთში და საქართველოს სხვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებს, რომლებსაც ჯერ კიდევ ახსოვთ ქართული ენა, რომლებიც ძილის წინ ლოცულობენ ქართულად, რომლებიც საუბრობენ, ფიქრობენ ქართულად და ოცნებობენ გამთლიანებულ საქართველოზე. მინდა მადლობა დაგავუხადო ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უძველეს ქართულ ტაძრებში შედიან და ღმერთს სთხოვენ საქართველოს გაერთიანებას. მჯერა, რომ ესეთი ადამიანები არიან აფხაზეთში და საქართველოს ყოველ ოკუპირებულ კუთხე-კუნჭულში. სანამ ესეთი ადამანები ცხოვრობენ აფხაზეთში, აფხაზეთი ჩვენია, აფხაზეთი – საქართველოა.
ყველა ქართველს ვუსურვებ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს შევხვედროდეთ გაერთიანებულ საქართველოში.
თამთა გუგუშვილი
ფოტო: newposts