ალილოს მსვლელობას პარლამენტის დეპუტატები შეუერთდნენ

alilo55

თბილისში შობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით ალილოს ტრადიციული მსვლელობა გაიმართა. ვარდების მოედნიდან ყოვლადწმინდა სამების ტაძარამდე – ასეთი გზა გაიარა ალილოს ასობით მონაწილემ. ისინი რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ, შეჩერდნენ, სადაც დეპუტატები ტკბილეულით სავსე კალათებით შეეგებნენ ბავშვებს.


„ალილოს მსვლელობა ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ტრადიციაა, რომელიც შობის დღესასწაულთან ერთად დამკვიდრდა ჩვენს ქვეყანაში და კულტურული ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა. საერთო სახალხო დღესასწაულია, რომელიც მთელმა ერმა აიტაცა და ასე ალამაზებს შობის დღესასწაულს“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ზვიად კვაჭანტირაძემ.

მოგვიანებით მსვლელობა თბილისის საკრებულოს წინ შეჩერდა. საპატრიარქოს ჭიშკართან კი ალილოს მონაწილეებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი ილია II შეეგება. მან დალოცა ბავშვები და მათ ნაკურთხი წყალი ასხურა. მსვლელობის დასრულების შემდეგ სამების ტაძარში პარაკლისი აღევლინა.

როგორც ცნობილია,  ალილოს საქართველოში მრავალწლიანი ისტორია აქვს. იგი ერთხელ, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, დაირღვა. 1990 წლებში კი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ლოცვა-კურთხევით ადგა ეს საშობაო ტრადიცია, რომელსაც საქველმოქმედო დატვირთვაც აქვს. მსვლელობის დროს შეგროვილი შემოწირულობა მზრუნველობა მოკლებული ბავშვების სახლებს გადაეცემა.

ნესტან გუგუშვილი, ავტორის ფოტო

Both comments and pings are currently closed.

Comments are closed.